საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მინისტრის მოადგილეების დონეზე დღეს შედგა პირველი შეხვედრა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი, რომელსაც მასპინძლობს თბილისი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული სამმხრივი ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, რომ განხილული იყოს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
„საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, რაც კარგი შესაძლებლობაა, რომ განვიხილოთ საკითხები, რომლებიც შეეხება ჩვენს რეგიონს. საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან, აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ურთიერთობები ამ ფორმატში. ეს პირველად ხდება. ჩვენ შევძელით, რომ სამუშაო ფორმატში გვემსჯელა რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. იმედი მაქვს, რომ კვლავ გაგრძელდება მუშაობა სამივე ქვეყანას შორის აღნიშნულ ფორმატში და შევძლებთ მომავალში სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო მსჯელობას და მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.