პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ოპოზიციას არჩევნებში არაფრის იმედი აღარ აქვს და სხვადასხვა გზით ცდილობენ საარჩევნო პროცესის დაზიანებას.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საარჩევნო უბნების თემით სპეკულირება ხდება.
„საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, არჩევნების წინააღმდეგ დაწყებულია კამპანიური ხასიათის შეტევა. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის აკეთებდა ქვეყნის გარეთ არჩევნების ორგანიზებას, რათა მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, სურვილის შემთხვევაში, არჩევანი გაეკეთებინათ. ბოლო არჩევნების სტატისტიკა რომ ავიღოთ, დაახლოებით 50 ათასი ამომრჩევლისთვის 52 საარჩევნო უბანი იყო საზღვარგარეთ გახსნილი. ეს კარგად მეტყველებს, რომ სურვილიც არის, პრაქტიკაც, გამოცდილებაც, როგორ უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ არჩევნების ორგანიზება, რათა მოქალაქეებს ხმის მიცემა შეეძლოთ. რა თქმა უნდა, ეს ასე იქნება. საგარეო უწყება ცესკო-სთან ითანამშრომლებს იმისთვის, რომ არჩევნები ისევ ისე კარგად იყოს ორგანიზებული საზღვარგარეთ, როგორც ეს საქართველოში იქნება. როგორია ამომრჩევლის განწყობა, ამაზე სპეკულაციები არასწორია. ამომრჩეველი თავის არჩევანს თავად გააკეთებს და ეს მათი ნებაა. დანარჩენი სპეკულაციებია. მგონია, რომ ოპოზიციას არჩევნებში არაფრის იმედი აღარ აქვს და ცდილობენ, სხვადასხვა გზით საარჩევნო პროცესი დააზიანონ. ამას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკეთებენ. ცდილობენ აღქმის და განცდის შექმნას, თითქოს რაღაც არ კეთდება. ჯერ ბევრი დროა დარჩენილი. ამდენი ხნით ადრე ხდება ამ თემით სპეკულირება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესშია, რომ ვინც საზღვარგარეთ იმყოფება, საკონსულო აღრიცხვაზე იყოს.
„აღრიცხვით ადამიანებისთვის მარტივდება იმ სერვისის მიწოდება, რომელიც სავალდებულოა. საკონსულოები მოქალაქეების აღრიცხვაზე დადგომას ხელს უწყობენ. საგარეო უწყებაზე დაბრალება, რომ არაფერს აკეთებს, დისკრედიტაციის მცდელობაა. არ ექნებათ არცერთი მაგალითი, რომ საკონსულო მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას ხელს უშლიდეს. პირიქით, ყველაფერი კეთდება, რომ მოქალაქეები აღრიცხვაზე იყვნენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.