ძალიან ბევრი წელია გვესმის [ევროკავშირის] გაფართოების შესახებ მსჯელობა, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები ამ დრომდე არ გვინახავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მსჯელობაა სულ სხვა ფორმით ევროკავშირის გაფართოებაზე, რაც საყურადღებოა.

„სულ უფრო ხშირად გვესმის ევროკავშირის წევრობა შეზღუდული უფლებებით და ხშირად განმარტებულიც არ არის, რას ნიშნავს ეს შეზღუდული უფლებები. ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ ამ საკითხების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას. ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ევროპის წინაშე დგას, არის სერიოზული და სერიოზული მუშაობა სჭირდება ამ გამოწვევებთან გამკლავებას. პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოების თემები. ომი, რომელიც არ დასრულებულა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავად ევროპას.

დღეს ვერავინ იტყვის, როდის და როგორ შეიძლება მოხდეს ევროკავშირის გაფართოება. ჩვენ ბევრი თარიღი მოვისმინეთ ბოლო წლების განმავლობაში. ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, თუკი იქნება პოლიტიკური ნება, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს, ყველაფერი მიღწევადია. ყველანაირი ბერკეტი არსებობს, არსებობს პროცესების უსაშველოდ გაჭიანურების ბერკეტიც და არსებობს, რა თქმა უნდა, ბერკეტები, რომლებიც პროცესს დააჩქარებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.