ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ბოლშევიკური ტროიკაც კი დახვრეტის გამოტანამდე ფორმალურ სხდომას მართავდა და ოქმს ხელს აწერდა. ბატონი დარჩიაშვილი კი ფიქრობს, რომ თუ ვინმე დამნაშავედ მიგაჩნიათ, ეს "თქვენი მიჩნევა" საკმარისი საბუთია საიმისოდ, რათა ადამიანი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე კედელთან მიაყენოთ და მიაყენებს კიდეც, თუ "ვლასტი" მოიგდო ხელში. ეს სისხლის წყურვილი მხოლოდ მის უკურნებელ მენტალურ ტრავმად დარჩებოდა, ასეთი ერთი რომ იყოს, თუმცა, საკმარისი მიმდევრებიც ჰყავს, რაც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. სიტყვის თავისუფლება იმითაცაა კარგი, რომ ნებისმიერი სიდამპლე გარეთ სააშკარაოზე გამოაქვს.
P.S. საინტერესოა, რომ ბატონი დ.დ. განა შავაძის დახვრეტას ნანობს, იმით არის შეწუხებული, სტრასბურგისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება, შავაძე რომ დასახვრეტი იყოო. არადა სულ ტყუილად წუხს, სტრასბურგი სასამართლოს განაჩენების მართებულობას იხილავს, სასამართლოს გარეშე მკვლელებს სტრასბურგი რად უნდათ?!” - წერს ვასილ მაღლაფერიძე.
შეგახსენებთ, დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა რომ "შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს, მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი".
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.