მავნებლები და ქვეყნის გამყიდველები მტრულ საქმიანობას აგრძელებენ, ქართველ სამხედროებს ჯერ ომის დანაშაული დააბარალეს, ახლა მათი რუპორი ბარამიძე იგივეს აგრძელებს და საზოგადოებას ატყუებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომ „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.
მისი თქმით, გია ბარამიძეს მორიგი საბოტაჟის მცდელობა აქვს.
„ეს მისი მხრიდან წამოცდენა არ იქნება, მგონია, რომ ეს მორიგი საბოტაჟის მცდელობაა. უნდათ, რომ მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ თითქოს ქართველები ასეთი მეთოდებით ვიბრძვით. ამ ყველაფერს ქვეყნის ღალატი აღარ ჰქვია. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი კოორდინორებულია, რათა ჩვენი ჯარისკაცების დისკრედიტაცია მოახდინოს და აფხაზეთთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხი საქართველოს უფრო დაუმძიმოს. ჩვენ ჩვენი ტერიტორიები დასაბრუნებელი გვაქვს და შემოსარიგებელი გვყავს ჩვენი ძმები და დები. რა გათვლაცაა გაკეთებული, მათი გადმოსახედიდან, ასეთი განცხადებები ამ ყველაფერს ართულებს. რა თქმა უნდა, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი დაგეგმილია, ამის ჩაშლას აპირებენ და ეს პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.










