დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტიდან რამდენიმე დღეში, ნაურუს რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგია. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მოწადინებულია იმისკენ, რომ არ არსებობდეს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას:
"ეს არის უბრალოდ თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და, რა თქმა უნდა, დანარჩენ ქვეყნებთანაც გრძელდება ეს მუშაობა. ეს არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა. ჩვენ მოწადინებულები ვართ მხოლოდ იმისკენ, რომ არ არსებობდეს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. საბოლოო ჯამში, ჩვენი ოკუპანტი რუსეთი დარჩება აბსოლუტურად მარტო ამ ველზეც. რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს ყველაფერი დადასტურებულია იმ მოგებული სასამართლოებით, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოუგო რუსეთს სტრასბურგშიც და ჰააგაშიც,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის განცხადების თანახმად, ნაურუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან დიპლომატიური ურთიერთობები უკვე შეწყვიტა. ნაურუს მთავრობა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების შესახებ შესაბამის მხარეებს დადგენილი საკომუნიკაციო არხებით ეცნობებათ.
ეს ნაბიჯი ცვლის ნაურუს 2009 წელს დაფიქსირებულ პოზიციას, როდესაც ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო რეჟიმების დამოუკიდებლობა აღიარა.









