ევროპარლამენტარმა სტივენ ნიკოლა ბარტულიცამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ატარებს პოლიტიკას, რომელიც ევროპულ იდენტობას, განსაკუთრებით კი მის ქრისტიანულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება.
მისი პროგნოზით, ევროპის პოლიტიკური რუკა უახლოეს მომავალში შეიცვლება და კონტინენტზე მემარჯვენე და კონსერვატიული ძალების გავლენა გაიზრდება.
ბარტულიცამ აღნიშნულის შესახებ ზაგრებში გამართული კონფერენციის, „რა განსაზღვრავს ევროპას?“ ფარგლებში ისაუბრა.
ღონისძიებას, რომელსაც თავად ევროპარლამენტარი მასპინძლობდა, ესწრებოდნენ ევროპელი „კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ (ECR) პრეზიდენტი ადამ ბიელანი, ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ შტიმაცი და სტუმრები ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბარტულიცას განცხადებით, ევროპის კულტურული და ისტორიული იდენტობის გაგება შეუძლებელია ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის როლის გათვალისწინების გარეშე. მისი თქმით, ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია და თანამედროვე ევროპულმა სახელმწიფოებმა მისი დაცვა უფრო აქტიურად უნდა უზრუნველყონ.
„ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე ევროპის, როგორც ერთიანი კულტურული სივრცის გაგება შეუძლებელია“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ამასთან, როგორც ბარტულიცამ აღნიშნა, ევროპული ცივილიზაცია მხოლოდ ქრისტიანულ ტრადიციას არ ეფუძნება და ევროპის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ძველი საბერძნეთის ფილოსოფიამ და რომაულმა სამართალმა შეასრულა.
ბარტულიცა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა საკმარის ყურადღებას არ უთმობს ამ ისტორიულ მემკვიდრეობას და ევროპული საზოგადოების კულტურულ თავისებურებებს.
როგორც კონფერენციის დაწყებამდე ბარტულიცამ აღნიშნა, ევროპარლამენტში მუშაობისას უშუალოდ ხედავს ევროკავშირის ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
მისი შეფასებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა იღებს არასწორ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება და ამის მაგალითად დაასახელა ევროკავშირის დამოკიდებულება უკრაინის ომის მიმართ, საფრანგეთის ქუჩებში მიმდინარე მოვლენები და ევროპის „მწვანე პოლიტიკა“.
ბარტულიცას თქმით, ევროპამ უკრაინის დასახმარებლად უკვე ასობით მილიარდი ევრო გამოყო, თუმცა ომის დასრულების პერსპექტივა კვლავ არ ჩანს.
ევროპარლამენტარმა განსაკუთრებით გააკრიტიკა ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის ევროპულ მრეწველობას, ეკონომიკასა და სამუშაო ადგილებს.
ბარტულიცა ვარაუდობს, რომ ევროკავშირის მსხვილ წევრ სახელმწიფოებში დაგეგმილი არჩევნების შედეგად ევროპის პოლიტიკური რუკა შეიცვლება.
მისი შეფასებით, პოლიტიკური ტენდენციები კონტინენტზე მემარჯვენე და კონსერვატიული პარტიების გავლენის ზრდაზე მიუთითებს.
ბარტულიცას განცხადებით, ახალგაზრდა თაობაში კონსერვატიული პოლიტიკური შეხედულებები სულ უფრო პოპულარული ხდება. მისი შეფასებით, ახალგაზრდების ნაწილი სულ უფრო მეტად უბრუნდება ტრადიციულ და კონსერვატიულ ღირებულებებს.
მისი განცხადებით, ევროპულმა სახელმწიფოებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ოჯახური ინსტიტუტის გაძლიერებასა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას.
ევროპული იდენტობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ ბარტულიცამ მასობრივი მიგრაცია დაასახელა. მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ევროპაში მილიონობით ადამიანი ჩადის, რომლებიც თავშესაფრის მიღების წესებს ბოროტად იყენებენ, სოციალური დახმარებების მიღებას ცდილობენ და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციას არ აპირებენ.
„ევროპის კონტინენტი ვერ იქნება სივრცე, სადაც მსოფლიოს ყველა პრობლემა გადაწყდება“, – აღნიშნა ბარტულიცამ.
მისი შეფასებით, ევროპულმა სახელმწიფოებმა მიგრაცია უფრო მკაცრად უნდა გააკონტროლონ და მკაფიოდ განსაზღვრონ პირობები, რომელთა საფუძველზეც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათ ტერიტორიაზე შესვლისა და ცხოვრების უფლება ექნებათ.
ევროპარლამენტარმა განსაკუთრებული ყურადღება დემოგრაფიულ პრობლემებს დაუთმო. მისი განცხადებით, ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობის შემცირება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და ამ ტენდენციამ, შესაძლოა, კონტინენტის მომავალსა და კულტურულ იდენტობაზე გავლენა მოახდინოს.
ბარტულიცას მტკიცებით, დემოგრაფიული პრობლემების გამო „თითოეული ერი ნელ-ნელა ქრება“ და საბოლოოდ წარმოქმნილ სიცარიელეს სხვა მოსახლეობა შეავსებს.
„თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, ვინ ჩამოდის და რა პირობებით“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი









