„ჩვენ ამ თვეების განმავლობაში უმარტივეს შეკითხვებს ვსვამდით, ისეთ შეკითხვებს, რომელიც აწუხებს ყველას, მაყურებელს, თქვენ - გაძვირებული ცხოვრება, ემიგრაცია, უმუშევრობა, გაძვირებული პროდუქტები, გაძვირებული საწვავის ფასი, გაძვირებული კომუნალურები და ამ ხნის განმავლობაში რომ ვერ მოიფიქრეს ვერანაირი პასუხი და ხელი რომ შეგვიშალონ ამ თემებზე საუბარში, აპირებენ პარლამენტში ჩემი თანაშემწის დაკავებას. - ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

"ლაშა ჩემი მეგობარია, ჩემი თანაშემწეა და ასე აპირებენ რომ პასუხი გაგვცენ. მოქალაქეებს მინდა მივმართო, მესმის, რომ ყოველდღიურად დამძიმებული ხართ პრობლემებით, თუმცა უნდა გესმოდეთ, რომ როგორც კი თქვენზე ვიწყებთ საუბარს, პრობლემებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს კითხვები, ეს არის მათი პასუხი - დაგიჭერთ ან 15 წლის წინანდელ საქმე, ან რამეს მოვიგონებთ და ასე გაგისწორდებით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წლევანდელი წელი არის უნიკალური შესაძლებლობა შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ეს დამოკიდებულება. შიში, რომელიც უნდათ რომ მათ დათესონ ახლა, უნდა ვუთხრათ, რომ მისამართი შეეშალათ, ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული რა ბრძოლაში ვართ, მითუმეტეს რუსულ კანონთან დაკავშირებით იცით, რომ ჩვენ აქტიურები ვიყავით და ვიქნებით, მათ შორის ლაშაც აქტიურად აპროტესტებდა.

ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ პროტესტს, ხალხი მაინც არ შეეგუება ამ ქვეყნის გარუსებას, შიშით არ მოუგია ამ ქვეყანაში არავის არასდროს არცერთ ხელისუფლებას. შეუძლებელია დაშინებით, ხელების გადაგრეხით საქმე გამოდიოდეს. ხელისუფლებას მინდა მივმართო, პროკურატურა ამ საქმეებით კი არ უნდა იყოს დაკავებული და რაღაც სიგიჟეებს კი არ უნდა იგონებდეს, პროკურატურაში უნდა დადიოდეს ფარცხალაძე, რომელმაც გაძარცვა ხალხი. ღარიბაშვილი, რომელმაც ტყე აჩუქა მეუღლეს, ასი ათასობით ლარს ჩარტერში ხარჯავს და საიდან არავინ არ იცის. ეს ხალხი უნდა დადიოდეს პროკურატურაში. ბენზინში რომ ორმაგ ფასს გვახდევინებენ და მონოპოლისტები არიან, ეს ადამიანები უნდა იყვნენ პროკურატურაში დაბარებულები, მაგრამ რას აკეთებენ? იმ ადამიანებს დევნიან, ვინც ამაზე საუბრობს. ცხადია, გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს და გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა