„ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს.არა რუსულ კანონს ქუთაისიდან, კი ევროპას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი!“- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"ძმობის და მეგობრობის ქალაქიდან, ყველაზე ევროპული ქალაქიდან ძალიან მარტივი გზავნილი მინდა ვუთხრა საზოგადოებას - ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის ქართველი ხალხი დააპირისპიროს, დაქსაქსოს და როგორმე ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრული არ იყოს და ამასობაში, გუშინ ჩვენ ვნახეთ ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი რუსთაველზე. კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენი ამოცანა არის ქართველი ხალხის კეთილდღეობა, ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისი არ იცლებოდეს და ქუთაისელები არ გარბოდნენ ემიგრაციაში, სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირი, სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ბანკები კი არ ძარცვავდნენ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ სამჯერ და ოთხჯერ ნაკლებ პროცენტში და პირობებში მოიხმარონ ადამიანებმა კონკრეტული თანხები.
მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის გვინდა ევროპა, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის გვინდა ევროპა და ივანიშვილი და მისი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს ერთ რამეს, როგორღაც იქნებ დააპირისპიროს ქართველი ხალხი, ერთად არ ვიზეიმოთ არაფერი, გამარჯვებაც კი არ გვაცადეს, გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობაც კი არ მოგვცეს, ორ დღეში ფაქტობრივად შემოიტანეს ის კანონი, რომელზედაც თქვეს, რომ აღარასდროს არ შემოიტანდნენ. თქვეს, რომ ამ კანონს ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ მათი სამარკო ნიშანი რა არის? - ტყუილი, ჰო და ამ ტყუილზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი პასუხი იყოს შესაბამისი, რაციონალური, ადეკვატური და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს. არა რუსულ კანონს ქუთაისიდან, კი ევროპას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი და არ შემიძლია აქედან არ ვთქვა -თავისუფლება ნომერ პირველ პოლიტიკურ პატიმარს მიხეილ სააკაშვილს.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა