„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატების ხათუნა სამნიძის და ხატია დეკანოიძის განცხადებები არის ბოდვა და სიგიჟე.
„სრული ბოდვა, სიგიჟეა. ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ. ვერ წარმომიდგენია, ეს წინადადებათა წყობა რატომ უნდა მოიფიქრო და შემდეგ თქვა. გულწრფელად არ მინდა, დავუშვა, რომ ეს არის მიზანმიმართულად, რუსული პარტიის საამებლად გაკეთებული. არ მინდა, ეს დავუშვა, მაგრამ საზოგადოებაში ნამდვილად ასე გამოიყურება. ამ ადამიანებზე დაბალი წარმოდგენის არ ვარ და არ მგონია, შემთხვევით, რაღაც უგუნურად მოსდიოდეთ. ჩემდა სამწუხაროდ, დაგეგმილად რუსული, „ქოცური“ პროპაგანდის გაგრძელებას ჰგავს. გულწრფელად ვდარდობ ამ ადამიანებზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე.
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს, რაც პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.