საჯაროდ არაერთხელ მითქვამს, რომ თემა, რომელიც ეხება გარიცხვას, მგლის ბილეთს, კომუნისტური მეთოდებით რომ დოკუმენტაცია გავატანოთ, არ ვაპირებთ. მეორე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა არ განისაზღვრება მანდატით, ეს განისაზღვრება მოქმედებებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, კონკრეტული ადამიანი და ადამიანები თავად თავისივე მოქმედებებით დაშორდნენ პარტიას.
„ისინი თუ მოგვმართავენ, რომ მათ სურთ პარტიის დატოვება, მე მზად ვარ, ეს დოკუმენტი მათ გავატანო, თუმცა მე ამ გადაწყვეტილების მიღება არ მიწევს, რადგან ჩემთვის, მოქმედებებით, კონკრეტული ადამიანები დიდი ხანია, დაშორდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.