"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ოზურგეთში სოფელ მერიაში, ის ტერიტორია დაათვალიერეს სადაც, მათი მტკიცებით, 2024 წლის არჩევნებში მათი გამარჯვების შემდეგ, პარტიის ინიციატივით ახალი აეროპორტი აშენდება. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ახალი აეროპორტი იქნება ყველაზე დიდი აეროპორტი დასავლეთ საქართველოში, იქნება ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად ათი ათასობით სამუშაო ადგილს. მისი თქმით, მოქალაქეები არა თუ გაიქცევიან ქვეყნიდან, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას.

“ოზურგეთში მოსახლეობის 30 პროცენტი, 25 000 ადამიანი ფაქტობრივად გაიქცა ქვეყნიდან უკანასკნელ ხუთ წელიწადში, ოზურგეთში 50 პროცენტს მოსახლეობის არ აქვს წყალი, 53 პროცენტი არის სოციალურად დაუცველი, 70 პროცენტს არ აქვს კანალიზაცია და ტრაგიკულია, როცა ვსაუბრობთ 25 000 გასულ ადამიანზე მხოლოდ ოზურგეთიდან და ხუთი წლის განმავლობაში და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარავს შესაძლებლობას საქართველოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები. ახლა ვიმყოფებით მერიაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ლოჯისტიკური ცენტრი, ნამდვილი ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად, ათი ათასობით სამუშაო ადგილს და ჩვენი მოქალაქეები არა თუ გაიქცევიან, მათ შორის ქვეყნიდან, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას. აქ წარმოდგენილია კომპანიები, რომელიც გავიდა რუსეთიდან სანქციის პირობებში.

ჩვენს მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ 5 000 კომპანია გავიდა რუსეთიდან, 266 მილიარდი კაპიტალი, 4-6 მილიონამდე სამუშოა ადგილი და არცერთი სამუშაო ადგილი, არცერთი კომპანია, არცერთი მილიონი არ მოსულა საქართველომდე და საქართველოში, ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპარული შესაძლებლობა და ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი პარავს ჩვენს მოსახლეობას იმ შესაძლებლობას, რითაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები, ამიტომ ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ აქ, სადაც ახლა მე ვიმყოფები, აშენდება ყველაზე დიდი აეროპორტი, შეიქმნება ლოჯისტიკური ცენტრი და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ღირსეული შემოსავალი. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა