„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.
ლევან ხაბეიშვილმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ 22-წლიანი ისტორია აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ასოცირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, სწრაფ განვითარებასთან. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის კორუფციის დაუძინებელი მტერი, ჩვენი ხალხის ჩაგვრის, გაჭირვების და სიღატაკის მტერი. „ნაციონალური მოძრაობა“ დგას წესიერ, მშრომელ, გაუტეხელ, პატრიოტ ადამიანებზე, ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს არის ფაქტი.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპული, დემოკრატიული პარტია და ეს დავამტკიცეთ საქმით. უკანასკნელი კრიზისი დავძლიეთ უპრეცედენტოდ მაღალი შიდაპარტიული არჩევნებით. იყო წყენები, დაპირისპირებები, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. ვართ ისტორიის გზაგასაყარზე, ჩვენი ისტორიული ოჯახი, ევროპა, თუ პუტინის ტერორისტი, მკვლელი, ბოროტი რუსეთი. სწორედ ამიტომ, დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ოცნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაბამისად, პოლიტიკურ საბჭოში აბსოლუტური უმრავლესობა გექნებათ თქვენ, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, თქვენ მიერ არჩეულ რეგიონულ ლიდერებს. დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ გიბრუნდებათ თქვენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ რაიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების გახსნას.
„უკვე შევქმენით სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. უახლოეს პერიოდში თბილისის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ახალი ოფისი. ჩავატარებთ თბილისის კონფერენციას , ავირჩევთ პარტიის ხელმძღვანელებს, დავიწყებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებას, ჩავატარებთ ახალგაზრდულ ყრილობას და ასევე დამოუკიდებელი სივრცე ექნებათ ახალგაზრდებს. დავიწყებთ რეგიონული და რაიონული კონფერენციების მომზადებას. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წამი დასაკარგი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც ხალხის პრობლემებია, სადაც უსამართლოდ ადამიანების ჩაგვრაა, სადაც მოქალაქეებს სჭირდებათ ზურგი და მხარდაჭერა“.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ხელი ხელჩაკიდებულებმა. დავასრულოთ დაპირისპირება, დაყოფა, გათითოკაცება და ხელებდაკაპიწებულებმა, დაუღალავი შრომით შევქმნათ დოვლათი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. მინდა, დაგპირდეთ, რომ ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, ვიდრე უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი არ დატოვებს საპყრობილეს და ვიდრე ჩვენი ქვეყნის ეროვნული მომავალი არ იქნება უზრუნველყოფილი, არ დავიღლები, არ დავისვენებ და არ გავჩერდები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.