მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების ჩამოყალიბებასა და გამართვაზე პასუხისმგებლობას გიორგი ჩალაძე აიღებს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
„ჩვენი გუნდის დაპირების შესაბამისად, პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა. ამ შტაბებისთვის ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ყველანაირი დახმარების უზრუნველყოფა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტის ნაწილის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვა, ჩვენი გეგმაა. საზოგადოებამ იცის, რომ კვირების განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა ერთ კანდიდატთან, გიორგი ჩალაძესთან. მას ეყოლება გუნდი, შტაბების ჩამოყალიბებასა და გამართვაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის თემის გააქტიურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ხელი შეუწყოს. ეს ყველაფერი იქნება ზეპარტიული და შტაბებში გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მე მინდა ამ შტაბს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.