საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო „სტამბოლის მედიაციის მე-9 კონფერენციაში“.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმნენ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში. კონფერენციას მასპინძლობდა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი.
„კონფერენცია გლობალური და რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, პრევენციული დიპლომატიისა და მედიაციის როლის გაძლიერების საკითხებს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე – „მშვიდობისადმი საერთო ვალდებულება: გამოცდილება და პერსპექტივები“.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მხარეებს შორის დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს გამოცდილებასა და ქვეყნის როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ძალისხმევაზე, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას.
ლაშა დარსალიამ მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკისადმი.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის თვალსაზრისით შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობასა და საქართველოს სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონფერენციის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და ევროკავშირის საქმეთა დირექტორთან, მეჰმეთ ქემალ ბოზაისთან და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კარლოს მარსიო ბიკალიო კოზენდეისთან.








