კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

როგორც მან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის უკან 40-წლიანი თანამშრომლობა დგას.

„თანამშრომლობის შიგნით თუ არსებობს ხოლმე კითხვები, ამ კითხვების დასმაც და პასუხების მოსმენაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია. ამერიკის შეერთებულ შტატებზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ უკან 40-წლიანი თანამშრომლობა დგას, როდესაც საქართველოს ბევრი დახმარება მიუღია და მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის. ასევე, საქართველოს თავისი კონტრიბუცია გაუღია ამერიკისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

რაც შეეხება პროცესს [სტრატეგიული პარტნიორობის], მაინც უპრიანი იქნება, რომ როდესაც პროცესი დასრულდება, შემდეგ ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს და პოზიტიურად ვხედავთ ამ განვითარებას“, - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.