პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიზიტებთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში საჯარო პოზიცია ექნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გარდა ამ საკითხისა, შეხვედრაზე ისაუბრეს სხვა თემებზეც, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციასა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მისი პოზიცია მოვისმინეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. პირადად მე, კითხვა დავუსვი მაუწყებლის კანონზე. ალბათ, პრეზიდენტიც რამდენიმე დღეში ამასთან დაკავშირებით თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს, ასევე გაიზიარებს მოსაზრებებს სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ადმინისტრაცია მჭიდრო კონტაქტშია ევროპელ კოლეგებთან. ზოგადად, ვფიქრობ, პრეზიდენტი ძალიან სწორ პოზიციაზეა კანდიდატის სტატუსთან, საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. სწორ პოზიციაზეა, როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების განწყობა, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობაზე, აქტიურობაზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. რაც შეეხება ვიზიტების გაგრძელებას, ამ კითხვაზე მისი პასუხი იყო, რომ რამდენიმე დღეში გააცნობს საზოგადოებას თავის მოსაზრებას. არ გვისაუბრია საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ვისაუბრეთ, რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა, რათა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დაჩქარდეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისათვის: ათონელის რეზიდენციაში, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე, პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.