არ მგონია, რომ პრეზიდენტი დაექვემდებაროს მუქარას და შანტაჟს - არც ის მგონია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ასმაგი თამაში,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„იმედია, არ შეზღუდავს. როდესაც პროკურატურის შესახებ ბატონი კობახიძის განცხადება გაჟღერდა, დამირეკეს კონსტიტუციაში ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა, ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა იურისტებმა და მითხრეს, რომ არ არსებობს, რაც არ უნდა მოინდომოს „ქართულმა ოცნებამ“, პრეზიდენტი არის ხელშეუხებელი. მეც დავეჭვდი, რომ „ქართულ ოცნებაში“ ალბათ რაღაც ვერ გაიგეს კარგად, კი იქებენ თავს, რომ კონსტიტუცია კარგად იციან, მაგრამ ამ დროს, ერთ საათში გაკეთდა განცხადება, რომ როცა აღარ იქნება პრეზიდენტი მერე აღვძრავთ საქმესო. ეს არის მუქარა, შანტაჟი. სიმართლე გითხრათ, მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი დაექვემდებაროს ამ მუქარას და შანტაჟს. ყოველ შემთხვევაში, ვნახავთ, გამოჩნდება. მე არც ის მგონია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ასმაგი თამაში. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ფრთხილად მოქმედებს, ის რაღაც პროდასავლურ ანტურაჟზე არ ფიქრობს, უბრალოდ არ სჭირდება პროდასავლური ანტურაჟი, ასეთი ყაიდის მმართველობა აქვს. ამიტომ, გამოჩნდება, ვნახოთ.
პრეზიდენტს პოზიციები აშკარად გაუძლიერდა. „ქართული ოცნება“ რასაც ფიქრობდა ეს არ იყო იმპიჩმენტი, მათ არ უნდოდათ გადაყენება, იცოდნენ, რომ 100 ხმა თეორიულადაც კი არ ჰქონდათ. მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან რაღაც ურთიერთბრალდებებისა მე არასდროს ვიზიარებდი მოსაზრებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება მართლა შესულიყო და ხმა მიეცა. ეს ნამდვილად მძიმე იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, მათ სჭირდებოდათ პრეზიდენტი, რომელსაც ანტიკონსტიტუციურის იარლიყი ექნებოდა. ეს სჭირდებოდათ პროპაგანდისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.