ეს არის ხალხის ხმა, ხალხის ტალღა, რომელიც არსებობს და ბოლო არ უჩანს იმდენი რაოდენობითაა, - ამის შესახებ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„პირველი მოსმენით მიიღეს კანონი და რამხელა პროტესტი გამოიწვია ახალგაზრდებში და ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ვინმეს ორგანიზებულები არიან. ეს არის ხალხის ხმა, ხალხის ტალღა, რომელიც არსებობს და ბოლო არ უჩანს იმდენი რაოდენობითაა.

ძალიან მძიმე გამოწვევა გვაქვს იმ კონტექსტში, რომ ვუახლოვდებით რუსეთს ყოველდღიურად და ეს არის ბიძინა ივანიშვილის  დამსახურება და იმ ადამიანების, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოს დემოკრატია საბოლოოდ მოკლას და ეს რუსული კანონი შემოიტანოს. ეს გამოწვევა არ არის მოკლევადიანი, გრძელვადიანია და მე არ მგონია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს. არ სჭირდება, შეუთავსებელია მისი მმართველობა ევროპულ სტანდარტებთან და ამიტომაც აკეთებს ყველაფერს, რომ გააკონტროლოს ყველა და აგენტებად შერაცხოს, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.