ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტის განხილვაში შემოტანაც კი მძიმე დაღს დაასვამს ჩვენს ევროპულ მომავალს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ  განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს ადამიანებს თითქოს უფრო ლმობიერი გზა აჩვენოს ამ კანონთან მიმართებით, ფაქტი არის ერთი, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და დღეს ელჩების ვიზიტიც ამის დასტური იყო, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის განცხადება, კერძოდ, ბორელის პრესსპიკერის, გვახსოვს ყველას, რომ საქართველოში რუსული კანონპროექტების კანონად ქცევა ძალიან სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის. ეს სიტყვები მეორდება პრაქტიკულად ყველა განცხადებაში. მე ვიცი ჩვენი ელჩების პოზიცია და ჩვენი პარტნიორების და ეს სრულად ემთხვევა იმ განცხადებებს, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვისმენთ. მათ შორის პირველი მოსმენით მიღება ადასტურებს იმას, რომ ისინი მზად არიან საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დააყენონ და მიიღონ ის კანონპროექტი, რომელიც არის რუსული, ხელს უწყობს საზოგადოების სტიგმატიზაციას და ყველა იმ ადამიანის მარტო დარჩენას, ვინც დახმარებას იღებს საერთაშორისო ფონდებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ამიტომ ეს კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ სულისკვეთებას, ამიტომ მისი განხილვაში შემოტანაც მძიმე დაღს დაასვამს ჩვენს ევროპულ მომავალს,"- განაცხადა დეკანოიძემ.