მსგავსი სიტყვები, რაც ირაკლი ბერაიამ იკადრა, არსად მომისმენია - ეს არის სექსიზმი, მიზოგენია, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირებისკენ მოუწოდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები არიან, არსებობს ზღვარი, რომელიც არავინ უნდა გადაკვეთოს.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმას, რაც დღეს ჩვენმა კაცმა დეპუტატებმა ქალი დეპუტატების: ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას მიმართ იკადრეს. ეს იყვნენ ირაკლი ბერაია და ალუდა ღუდუშაური. მსგავსი სიტყვები, რაც ბერაიამ იკადრა, არ მომისმენია არსად. უმრავლესობიდან დეპუტატებს, განსაკუთრებით ქალებს, მინდა მივმართო - რაც პარლამენტში მოხდა, ამით საქართველოს მოქალაქეებს და მათ შორის ახალგაზრდა ქალებს ვეუბნებით, რომ თურმე ასე შეიძლება გავილანძღოთ და ჩვენზე იძალადონ ვერბალურად პარლამენტში, ეს არის კატასტროფა. ველი თქვენგან გამოხმაურებასაც, ბატონო შალვა. ის სიტყვები, რაც მოვისმინეთ, ვფიქრობ, არა მხოლოდ პარლამენტის დარბაზში, არამედ ზოგადადაც, მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის. ოპონენტები ვართ, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს არა მხოლოდ კაცმა, არავინ. ეს არის სექსიზმი, მიზოგენია და ველი თქვენს გამოხმაურებას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.