სამომავლო ერთობასთან დაკავშირებით ჯერ განსაკუთრებული სიახლე არ არის. კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ კონკრეტული კონტურები ძალიან მალე უნდა გამოიკვეთოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“ და თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება.

„ჩვენ ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულაზე, ხალხის ინტერესებსა და პოლიტიკურ კორუფციაზე, რაც საზოგადოებას რეალურად აწუხებს. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი როგორც იყო, ისევე რჩება. ჩემი პოზიციაა, რომ ივანიშვილი არსად წასულა, ის იყო პოლიტიკაში და საჯაროდ გამოჩნდება ერთხელ, ორჯერ თუ სამჯერ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ არჩევნებზე ეს ადამიანები – პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამოვაცილოთ, რაც კვლავ რჩება საფრთხედ საქართველოს სახელმწიფიებრიობისთვის, რადგან ქვეყანაში ოლიგარქიულ-კლეპტოკრატიული მმართველობაა. ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“. თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდება. ჩემი ინტერესია, ვესაუბრო და იმ ადამიანებთან ერთად ვიყო, ვინც არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ კონტრასტი“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.