კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ღიად გამოვაცხადეთ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

დეკანოიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ღიად განაცხადა, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას.

„როდესაც თვითმფრინავი ჯდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება და თანხმობა ხელისუფლების მხრიდან. ამის შემდეგ ვნახეთ, რომ შემოდის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. იცით, რომ ლავროვის ოჯახი არსად არ დადის ფსბ-ს დაცვის გარეშე, ეს არის ცნობილი და დადასტურებული ფაქტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემოსულები იყვნენ დაცვის წევრების თანმხლებით. შემდეგ არის საზღვაო ტვირთების არეალის გაფართოება. მე მაქვს ლოგიკური კითხვა: რა საიდუმლო შეთანხმების გარშემო არის მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის? - შემდეგი შეიძლება იყოს, რკინიგზის აღდგენა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა...

ამ დროს ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არცერთი განცხადება არ წამოცდენა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. უფრო მეტიც, ხელისუფლება მიესალმა ფრენების აღდგენას. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას. კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ღიად გამოვაცხადეთ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა“,- განაცხადა დეკანოიძემ.