ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდის ყოფილა რუსეთის მხრიდან ჩარევა არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. ზოგადად, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რაც ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს სალაპარაკო და რაიმე თემის გამოყენების შესაძლებლობა“ - - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მომავალ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
კითხვაზე - რამდენად არსებობს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსეთის აგენტად არის დასახელებული, კახა კალაძემ უპასუხა, რომ რადიკალური ოპოზიციის სახით, საქართველოში უამრავი აგენტი არსებობს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს.
„ჩვენდა სამწუხაროდ, უამრავი ჯაშუში და აგენტი გვყავს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს. დააკვირდით, რადიკალურ ოპოზიციას - მათი ყველა ქმედება განპირობებულია და მიმართულია საქართველოს, ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ნახეთ, რამდენი ჯაშუში გვყავს, რომელი ერთი დაგისახელოთ. „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და ჩემი სიტყვები. იმხელა მხარდაჭერა, რომელიც დღეს პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.