2025 წლისთვის ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ახალწვეულთა სამსახური ნებაყოფლობითი გახდება, ვინაიდან ანაზღაურება საბაზროსთან მიახლოებული იქნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვიხელმძღვანელეთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითით, გავუშვით სამხედრო მოსამსახურეები, რომ კარგად შეგვესწავლა წარმატებული ქვეყნების მაგალითები. რა თქმა უნდა ეს უნდა ინტეგრირდეს ჩვენს ქვეყანაში, რეალობაში და სახელმწიფოებრიობაში. ჩვენთან ალტერნატივა სავალდებულო წვევამდელთა სამსახურს არ აქვს ბევრი მიზეზების გამო. არ მინდა საზოგადოებამ ეს გაიგო ისე, რომ ჩვენ ტოტალურად გავიწვევთ ყველას. თუ წელიწადში პოტენციურად 20 000 გასაწვევი პირია, ჩვენ უახლოეს წელიწადში 4 000-ზე მეტ პირს წელიწადში ვერ გავიწვევთ. მეორეს მხრივ, ის, როცა 53-ლარიან ანაზღაურებას აპროტესტებდა „გირჩი“, რაც წარმოადგენდა წვევამდელთა ხელფასს, ჩვენ გავზარდეთ, გავაოთხმაგეთ, 250 ლარი გავხადეთ და ფაქტობრივად 2025 წლისთვის ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ეს სამსახური ნებაყოფლობითი გახდება, ვინაიდან ანაზღაურება საბაზროსთან მიახლოებული იქნება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2024 წელს კიდევ გავზარდოთ ახალწვეულთა ანაზღაურება, 2025 წლის იანვრიდან კიდევ და მივაღწიოთ იმ ნიშნულს, რომ ჩვენ ფაქტობრივად არავის გაწვევა აღარ მოგვიწევს, გარდა ნებაყოფლობითობისა. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის კარგად მომზადებული და დიდი რეზერვი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ რომ მივაღწიოთ რეზერვს, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამის ერთ-ერთი მეთოდი იქნება წვევამდელთა სამსახური“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.