ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე გაკეთებული კომენტარის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით ყოფილი თავდაცვის მინისტრის მინისტრობის დროს გაწეული ხარჯების შესახებ საბუთები ან გამქრალი ან გადამალული იყო.
„მე არ დამიანონსებია, რომ კიდევ რაიმე საქმის აღძვრას ვაპირებთ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. თქვენ იცით ის ბანალური შემთხვევა - მე ამას არ ვარქმევ კორუფციას, ეს იყო მთელი ხელისუფლების მიერ თანხების მიტაცება. ეს არ იყო კორუფცია, როდესაც თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა - ამის გაკეთებას ალბათ 10 წლის ბავშვიც არ იკადრებს. არაფერი ზედმეტი ჭკუა ამას არ სჭირდება. საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ არც კი დავუყადაღეთ ტელევიზია მას. თქვენ იცით მისი მოღვაწეობის შესახებ - ჯერ ქართველი ხალხი გაძარცვა, შემდეგ წავიდა და ევროპელი პენსიონერები გაძარცვა. რაზეა საერთოდ საუბარი, მე არ ვიცი. წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა - როგორ ბედავენ საერთოდ მორალზე საუბარს, მე არ ვიცი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.