იმის გამო, რომ ქვეყანა ვითარდება და ძალიან ბევრი წინსვლა აქვს, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში, რადგან ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტები ფართოდ და ძლიერად არის წარმოდგენილი, რევოლუციური სცენარების განხორციელების არანაირი შესაძლებლობა არ არის. ერთადერთი, რაზეც აქცენტი კეთდება, ეს არის პროვოკაციების მოწყობა და სწორედ ამ პროვოკაციების განეიტრალება იყო ის, რაც უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირს დღეს კვლავ უდგას დღის წესრიგში საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი.
„საბოლო ჯამში, მათი არჩევანიც ძალიან რთულია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ობიექტურად, ყველა შეფასებით, გაცილებით წინ არის მთელ რიგ საკითხებში, ვიდრე უკვე კანდიდატი ქვეყნები. ამიტომ, რთული იქნება, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, უარი ეთქვას საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ამავდროულად, გეოპოლიტიკურადაც ძალიან რთულია, რომ ამ ვითარებაში მთლიანად მთელ სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზე უარი განაცხადო, მაგრამ ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს მაინც მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს ამ პერსპექტივის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.