თბილისის საკრებულოს დეპუტატის, "ნაცმოძრაობის წევრის" ირაკლი ნადირაძის თქმით, პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა, პარტიის თავმჯდომარის ვადამდელ არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

"დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების მიმართ. ვფიქრობთ, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები.

ვფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი თავისი გულმხურვალე, მებრძოლი, ერთგული და პატრიოტი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით, ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ამ საკითხთან მიმართებით ვიცი ჩემი ასობით კოლეგის აზრი და საჭიროა, რომ ამ ადამიანებმა ღიად, საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი აზრი. თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ამ ქვეყნის თავისუფლება, ოლიგარქიის დამარცხება, უნდა ვიბრძოლოთ ახალი ძალებით, ახალი ენერგიით და ახალი ენთუზიაზმით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და პარტია აუცილებლად გაძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.