რუსეთ – უკრაინის ომის დაწყებიდან მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო არ უნდა იქცეს სანქციების თავის არიდების შავ ხვრელად. მრავალგზის გავავრცელეთ მტკიცებულება და ინფორმაცია, რომ ყულევის ნავთობტერმინალი გახდებოდა სანქციების რისკის ქვეშ მდგომი პორტი და ეს უკვე დღის წესრიგში დგას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე როდესაც გამოდის, იხვეწება, წუწუნებს, ჩვენ გავაგზავნეთ სრული ინფორმაცია ყულევის ნავთობტერმინალის შესახებ და იმედი გვაქვსო, სანქცირებულთა სიაში არ მოხვდებაო, მისი მხრიდან ეს არის ნიშანი, რომ დანაშაული, სავარაუდოდ, ჩადენილია.
„კობახიძე ცდილობს, გადაირჩინოს საკუთარი თავი. სამწუხარო იქნება, არ გაგვიხარდება ის, რომ ყულევის ნავთობტერმინალი მოხვდეს სანქცირებულთა სიაში. ყველა ასეთი ტიპის ეკონომიკური ცენტრი ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ ეს უბედურება მოხდება და ყულევის ნავთობტერმინალი დასაქცირდება, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს პაპუაშვილს, კალაძეს და თითოეული იმ ადამიანს, მათ შორის იმ ტელევიზიებს, რომლებიც იძახდნენ, რომ ეს იყო ტყუილი, თითქოს არ მიდიოდა სანქცირებული ნავთობის გადაყიდვა ყულევის ნავთობტერმინალის მეშვეობით. საქართველო ბოლო წლების განმავლობაში, სახელისუფლებო სტატისტიკის მიხედვით, იქცა ნავთობის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორად, ნავთობს არ ვაწარმოებთ და ნავთობის ექსპერტიორად ვიქეცით, როგორ? შეკითხვა ხომ უნდა დავსვათ? როგორ და ძალიან მარტივად. რუსეთიდან შემოდის სანქცირებული ტვირთი და აქ რომ ფული გათეთრდეს, დაზიანდეს საქართველოს ეროვნული ინტერესები, ამის პარალელურად „ქართული ოცნება“ ამ საქმეს აკეთებს და აზიანებს საქართველოს, რის გამოც შეიძლება, ყულევის ნავთობტერმინალი დასანქცირდეს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.








