24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ეს ფორმატი იმუშავებს წარმატებულად საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
„პოლიტიკურმა კოალიციამ „ძლიერი საქართველო – ლელომ“ და სხვა პოლიტიკურმა აქტორებმა საქართველოდან ერთი წლის წინ მივმართეთ ეუთო-ს და მოვითხოვეთ იმ პოლიტიკური უსამართლობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლა, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, სადაც დგინდება ობიექტურად ფაქტები და ობიექტური მოცემულობა, რა ხდება სახელმწიფოში ადამიანის უფლებებთან და პოლიტიკასთან მიმართებით და შემდეგ ხდება შესაბამისი შეფასებების, თუ რეკომენდაციების გაცემა, რაც დასკვნის სახით იქნება ფაქტობრივი მხილება ბიძინა ივანიშვილის.
24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ეს ფორმატი იმუშავებს წარმატებულად საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ბიძინა ივანიშვილი მიიღებს თავის ობიექტურ სურათს, რამდენად ავტორიტარია, რამდენად დამნაშავეა ადამიანის უფლებების სისტემურ და მასიურ დარღვევებში, როგორ ცდილობს საერთოდ გაანადგუროს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში. დიდი ინტერესით ველოდებით და ძალიან გვიხარია, რომ ის გზა და მეთოდი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ დამატებითი ინტერესის შესაქმნელად საქართველოს მოქალაქეების უფლებებისადმი, წარმატებული აღმოჩნდა, რასაც 24 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
24 ქვეყნის ინტერესი არის უმნიშვნელოვანესი და ეს ნიშნავს, რომ 24 სახელმწიფო, მეგობრულად და ინტერესით განმსჭვალული საქართველოს ბედისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ, გამოხატავს მზაობას, რომ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდეს, ჩაერთოს, შეისწავლოს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. შემდეგ შესაბამისი დოკუმენტი შექმნას, რომელიც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილისთვის იქნება ძალიან მძიმე წასაკითხი და მის წინააღმდეგ ობიექტური განაჩენი, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები იკვლევენ და აქვეყნებენ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ამ კომისიის მუშაობას და მეორე მხრივ ეცდება, რომ გაამარგინალიზოს, ჩართოს პროპაგანდა და თქვას, რომ არანაირ სიმართლესთან არ იქნება კავშირში“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ოთხი პარტიის წარმომადგენლებმა, „ ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გია ბარამიძემ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ და „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ 2024 წლის 19 დეკემბერს ბრიფინგი გამართეს. მათ აღნიშნეს, რომ ეუთო/ოდირს საერთო წერილი გაუგზავნეს და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება სთხოვეს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გაგზავნას გულისხმობს.









