„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა დეკლარაციაზე, რომელზეც ოპოზიცია მუშობს და განაცხადა, რომ არსებულ დოკუმენტში „რა წერია, არავინ იცის“.
„როცა რაღაც შეთავაზება ხდება, შეთავაზება უნდა იყოს ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული. დეკლარაცია, რომელზე ხელმოწერაზეც ვსაუბრობთ, იცით შინაარსი? - უცნაურია, რომ მედიაში ვსაუბრობთ რაღაც ტიპის დეკლარაციაზე, თუ მემორანდუმზე და იქ რა წერია არავინ იცის. ერთობაზე იქ არ არის საუბარი. 8 პარტია მოაწერს თუ არა ხელს, ეს არანაირ ერთობას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს რამდენიმე ღირებულ პუნქტზე ხელმოწერას. ერთ-ერთი პუნქტი თავდაუსხმელობაა. შეგახსენებთ, რომ ყოველგვარი ხელმოწერისა და დეკლარაციის გარეშე „ლელო“ ამას წლების განმავლობაში აკეთებს. ხელმოწერა მათაც არ უნდა სჭირდებოდეთ მსგავს ელემენტარულ პრიმიტიულ პრინციპებზე.
თუ ოდესმე იარსებებს, დავფიქრდებით, მაგრამ არანაირი ქმედითი შეთავაზება არ არსებობს დღის წესრიგში. რა შეთავაზებაზე ვამბობ უარს ვინმემ იცით? არ არსებობს არანაირი ქმედითი შეთავაზება. რა თქმა უნდა, ნდობის კრიზისი არის, მაგრამ ეს არა მხოლოდ წარსულ ურთიერთობებს ეხება, არამედ ეხება უშედეგობას, არაქმედით შეთავაზებებს. შეთანხმება, რომ ჩვენ ერთად ვართ და გვქვია „წინააღმდეგობის მოძრაობა“ და რა, წინააღმდეგობის მოძრაობა რომ გქვია? ამის მიღმა რამე ქმედითის დაგეგმარების შესაძლებლობა გაქვს? მე დავსვამ რიტორიკულად შეკითხვას: „ქართულ ქარტიას“ ხელი ხომ მოვაწერეთ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით?- ვინმემ გადააგდო ეს ქართული ქარტია, აღარ არსებობს, განაწერეს ხელი, ჯვარი აიყარეს ამ ქარტიასთან და დოკუმენტთან მიმართებაში? მასზე უფრო მნიშვნელოვანი ეს დეკლარაცია, რაზეც საუბრობენ, საერთოდ არ არის. სამი პუნქტი აქვთ მხოლოდ შემოთავაზებული: თავდაუსხმელობა და ა.შ. ყოველგვარი პირობის და ხელმოწერის გარეშე თავდაუსხმელობის პრინციპი უნდა დაიცვან, თუ არ უნდათ ამით ბიძინა ივანიშვილმა იხეიროს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.








