სალომე ზურაბიშვილი თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში, არც მოსაწყლების და არც იმედის საფუძველი აქვს, რადგან იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, ასევე, „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არა მარტო 2024 წლის არჩევნების მოგებას, არამედ 2028-შიც აპირებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არავითარი სამართლებრივი არგუმენტი – პირდაპირ თქვა, სირცხვილია, სამარცხვინოა. უზრდელობაა, როცა არგუმენტების გარეშე ასეთი ეპითეტებით მიმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და მან თქვა, რომ ეს ინსტიტუტი აღარ ჰყავს ქვეყანას. ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. რით განსხვავდება ის სალომე სამადაშვილისგან ან ლევან ხაბეიშვილისგან? არაფრით, არც გუბაზ სანიკიძისგან განსხვავდება. თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში, არც მოსაწყლების და არც იმედის საფუძველი აქვს, რადგან ერთი – იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და მეორე – „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.