არცერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად სასამართლოს გადაწყვეტილებაში. უხეში ტერმინები გამოიყენა - „სირცხვილია“ და ასე შემდეგ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ, ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ზეპარტიული უნდა იყოს და ნეიტრალური, უზრდელობდეს.

“არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, აქ შეიძლება რაღაც ნაკლები ეკადრა, მაგრამ გამოვიდა და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. არცერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად გადაწყვეტილებაში, უხეში ტერმინები გამოიყენა „სირცხვილია“ და ასე შემდეგ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ, ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. ის არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ზეპარტიული უნდა იყოს და ნეიტრალური, უზრდელობდეს. ესეც მისი პრობლემაა და საქმე. დადასტურდა, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას, რადიკალურ ოპოზიციას და ზურაბიშვილს სრული კოორდინაცია აქვთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ისევე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, პრეზიდენტსაც აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ყოველგვარი წარმატება.

„ის ბოლომდე მიყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიყვება. ამ ყველაფრის გათვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელი. რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად. „წარმატებები“ ამ საქმეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ: პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებს პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და კენჭისყრის ვადის განსაღვრაზე დადგენილების პროექტი დაემატა