„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა განახლდა, პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე, პასუხისმგებლობაზე და მის ანგარიშვალდებულებაზე ისაუბრა.
როგორც კობახიძემ განმარტა საქართველოს პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი კანდიდატი სტატუსის მიღებაზე. მისივე თქმით, ეს არის მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის პასუხისმგებლობა.
„შარშან ივნისამდე პრეზიდენტმა რამდენჯერმე ითხოვა თანხმობა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელებაზე ევროინტეგრაციის დაჩქარების მიზნით, ანუ, კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით. პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ მისი როლი იყო მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ჩავიდა, ესაუბრა, ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ვინმე საუბრობდა იმაზე, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს ან პასუხი უნდა მოეთხოვოს? რატომ არ საუბრობდნენ? ეს არ არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. ეს არის მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის პასუხისმგებლობა. ახლა ხომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კეთილშობილური მიზნით დაარღვიოს კონსტიტუცია, ოღონდ კანდიდატის სტატუსი მიგვაღებინოს ქალბატონმა სალომემ.
ხომ დადის ევროპის ქვეყნებში? გადადგება თანამდებობიდან თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი? ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება? რა თქმა უნდა არ გადადგება იმიტომ, რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის, არც უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი ან იმან უნდა იაროს, ან მინიმუმ მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ, ამას ამბობს კონსტიტუცია“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ