პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც არიან პრეზიდენტის წარმომადგენლები და ამიტომ არ მივიდა თავად სხდომაზე.
„პრეზიდენტი ამ პროცესზე იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც არიან დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა. შესაბამისად, შევდივარ ამ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, ბუნებრივია, თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა ბათუმში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროცესზე პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან არგუმენტები საერთოდ არ მოუსმენიათ, რაც არის დღევანდელი დღის შეჯამება.
„ხვალ გაგრძელდება პროცესი, სადაც დამატებით წარვადგენთ ჩვენს პოზიციას. ასევე, კითხვა-პასუხი იქნება ხვალინდელ პროცესზე და ამის შემდეგ წარვადგენთ ჩვენს შემაჯამებელ სიტყვას, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა არგუმენტი. ჩვენ არ ვიყენებთ არაკეთილსინდისიერ მეთოდებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების მიმართ, თუმცა არიან ძალები, რომლებიც არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მუშაობენ იმ თანამდებობის პირებზე, რომლებსაც ეწოდებათ დამოუკიდებლები, თუმცა, სამწუხაროდ, კარგავენ დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.