ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა, არის აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, თუ რა მიზნებით სურდათ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, მათ შორის ევროპელ ჩინოვნიკებს ხელისუფლებაში დაებრუნებინათ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანიები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს არის ძალიან მარტივი ანალიზის საგანი. საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და კარგად აანალიზებს.

ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და სამწუხაროდ, ასევე ევროკავშირის მიმართ ნდობა არის სერიოზულად დაცემული. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პროცესი შემოტრიალდეს, ამისათვის პირველ რიგში, კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები უნდა შეეშვან ფიქრს იმაზე, რომ საქართველოში სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.