ეუთო-ს მინისტერიალზე თუ ჩადიან ენტონი ბლინკენი და ჯოზეფ ბორელი, რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც უნდა დაესწროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სერგეი ლავროვის მიწვევის გამო მონაწილეობაზე უარი თქვა და რამდენად სწორია საქართველოს პოზიცია, რომ მინისტერიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც დაესწრება.
ირაკლი კობახიძის თქმით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიძლება, არ ჩადის ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, მაგრამ ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდის საქართველოსთან შედარებით რუსეთში.
„ეს არის, სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტი. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ როდესაც ჩვენ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და თვითონ ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში, ეს არის, სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან ორმაგი სტანდარტი.
რაც შეეხება ეუთო-ს სამიტს, საქართველო არის, ბუნებრივია, ეუთო-ს წევრი და გარდა ამისა, ამ სამიტს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ასევე ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ჯოზეფ ბორელი. ასეთ პირობებში ჩვენი მხრიდან არდასწრება იქნება, უბრალოდ, არასწორი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მხრიდან ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სულ მცირე, ხომ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა დაესწროს ამ ღონისძიებას.
ეუთო არის ის ფორმატი, სადაც, პირველ რიგში, განიხილება უსაფრთხოების საკითხები და, რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის: ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარეა, გასულ კვირას ლავროვი მინისტერიალზე დასასწრებად მიიწვია. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვას მისცემს.