ცნობილია, თუ რა საფუძვლებსა და განწყობებზე მოვიდა ბატონი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ერთი-ერთში ემთხვევა იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაზეც დგას „ქართული ოცნება“ - ეს არის მშვიდობის პოლიტიკა, ოჯახური ღირებულებები და ეს არის გამჭვირვალობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, როგორც კი მსოფლიოში საომარი რიტორიკა მშვიდობის რიტორიკით შეიცვლება, მყისიერად შეიცვლება ქვეყნების დამოკიდებულებაც საქართველოს მიმართ.
„აღნიშნული პოლიტიკიდან გამომდინარეობს ბატონი მასკის განცხადება არასამთავრობოებთან დაკავშირებით, ბატონი ტრამპის განცხადება - პირველივე შეკრების დღეს კონგრესმა თუ რა უნდა განიხილოს - ანტი ლგბტ ჭრილში ამერიკაში. მისი მშვიდობის პოლიტიკა ყველას კარგად გვახსოვს.
აშშ არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში - ეს ყველამ ვიცით და ვთანხმდებით ამ ყველაფერზე. ამიტომ, ჩვენ გვაძლევს საფუძველს სწორედ ის პოლიტიკა, ის ღირებულებები, ფასეულობები, რის საფუძველზეც ამერიკელებმა ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია აირჩიეს, რომელიც სრულ თანხვედრაშია იმ ფასეულობებთან და ღირებულებებთან, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ამდენად, მსოფლიოში როგორც კი მშვიდობის რიტორიკით შეიცვლება საგარეო პოლიტიკა - ახლა ომის რიტორიკაა, ყველა ქვეყნის საგარეო კურსი საომარი რიტორიკის ქვეშ აქვს, როგორც კი სამშვიდობო რიტორიკისკენ გადაიდგმება ნაბიჯები, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულებები საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა კირცხალიამ.