საქართველოში არის უცხო ქვეყნების „მეხუთე კოლონა“, კონკრეტული ორგანიზაციები და კონკრეტული გვარ-სახელები, რომლებიც თავიანთი დონორების დავალებას ასრულებენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ საქართველოს პირველი არხზე  სტუმრობისას განაცხადა.

„დონორები საკმაოდ გულუხვები არიან მათ მიმართ. საქართველოში, დაახლოებით, 10 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, მაგრამ რეგულარულ დაფინანსებას 200 ორგანიზაცია იღებს. ისინი არიან დასავლეთის ფავორიტები და ძირითადად, უცხო ქვეყნების ინტერესების განხორციელება-დაცვას ემსახურებიან საქართველოს ტერიტორიაზე. აი, ეს არის მთავარი პრობლემა“, – განაცხადა გოგავამ.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა ხშირად, სპეცსამსახურების მიერ გამოიყენება და თუ არსებობს ინტერესი, რომ აქ სიტუაცია დაიძაბოს და გინდა თუ არა, მეორე ფრონტი გაიხსნას, ამისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებენ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ იქცა ნორმად არანორმატიული ლექსიკა, ქმედება და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მოლოტოვის კოქტეილი, თუ შუღლის გაღვივებაც ნორმად არ დამკვიდრდეს, რადგან უკვე გვაქვს რეალობა, სადაც ვინმეს სკაბრეზით მოხსენიებას ნაწილი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არქმევს და არანორმატიული ლექსიკით ერთმანეთის პოლიტიკური ანგარიშსწორება ნორმად არის ქცეული, ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ ის 90-იანი წლებიდან აკვირდება პროცესებს, ერთგვარად, ცოცხალი მემატიანეა და აქედან გამომდინარე, აქვს დასკვნა, რომ ამ ყველაფრის წყარო სწორედ „მეხუთე კოლონაა“.

„ხომ გვიყიჟინებენ, რომ პოლარიზაცია უნდა აღმოიფხვრას? რომ გავაანალიზოთ, პოლარიზაციის მთავარი წყარო არის „მეხუთე კოლონა“, რომელიც გარე გრანტებით იკვებება და ისინი ქმნიან ურთიერთობის ასეთ კულტურას. ეს 90-იანი წლებიდან დაიწყო, მერე 2000-იან წლებში გაგრძელდა რადიკალიზმი, ინსტიტუციური ფორმა მიიღო და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.

მისი თქმით, დასავლეთში ჩვენი პარტნიორების არადაბალანსებულმა საგრანტო პოლიტიკამ ფაქტობრივად, გამოიწვია ის, რომ სამოქალაქო სექტორი არის ცოცხალ-მკვდარი.

„ძირითადად, ფინანსდება მხოლოდ ეს პრივილეგირებული, იდეოლოგიზებული ულტრალიბერალური ჯგუფები, 10 000-დან მხოლოდ 200 ორგანიზაცია ფინანსდება უხვად. ასევე, მედიასაც რომ შევხედოთ, იგივე ვითარებაა. მე ვფიქრობ, ქართული სახელმწიფო – ეს არის დიდი მონაპოვარი. თაობები საუკუნეების განმავლობაში არ ღირსებია დამოუკიდებელ საქართველოს. მთელი სამი ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო მეტ-ნაკლებად ერთიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფო სულ რაღაც 200 წელი იყო და ჩვენ, ჩვენს თაობას გვერგო ეს ბედნიერება. შესაბამისად, ეს გასაფრთხილებელია და თუ უნდა გავუფრთხილდეთ, ესე იგი, უნდა გვქონდეს ჩვენი სუვერენიტეტი, ხოლო სუვერენიტეტი რომ გვქონდეს, ამისთვის საჭიროა, ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილებები და სხვებმა არ მოგვახვიონ თავს. ეს „მეხუთე კოლონა“, ენჯეო სექტორი, არის ინსტრუმენტი უცხოელების ხელში, რომ მიგვაღებინონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მათ უნდათ“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.