"ხალხს დაავიწყდა, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოა. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითი დღე ირღვევა და არავინ იცის, ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია დაჯდება. ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, 200 მილიარდი არის დახარჯული რუსეთის მხრიდანაც. ახლა დამატებით, ამერიკიდან 50, თუ 60 მილიარდი გამოიყოფა. ეს ომი გრძელდება. არავინ იცის, როდის დასრულდება.– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
"საფრთხე, რომელზედაც ვსაუბრობდით, რომ არსებობს რეალური საფრთხე ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის, არსად წასულა. უპასუხისმგებლო ძალები, რომლებიც ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში, მათ მინდა, მივმართო: რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები, ქვეყანაში რომ ვითარება ისე არ განვითარდეს, როგორიც დღესაა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა – „ქართული ოცნებაა“. თუ ვინმე შემძლეა ამ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“. კარგად ვიცით, ყოველი მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომები, სამოქალაქო ომი, რუსეთთან ომი, ტერიტორიების დაკარგვა, გმირი ჯარისკაცების განადგურება, ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია.
გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი-პალესტინის ომს ვგულისხმობ, ირანსა და ისრაელს შორის ვითარება ფეთქებადსაშიშია. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე რუსეთი. მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების და ამ დროს, ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე. იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას. ვინმეს თუ რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს. არჩევნები გვიახლოვდება, ყველამ კეთილი ინებოს, მშვიდად დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, დღემდე საპროტესტო აქციებით გრძელდება