ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

„ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ყოფილა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების წევრებიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვემიჯნები ბატონ დარჩიაშვილს, იქიდან გამომდინარე, რომ „რუსული ოცნების“ მიერ განხორციელებული სამართლებრივი დევნა ყოფილი სამართალდამცავების წინააღმდეგ, ყოფილი ჯარისკაცების წინააღმდეგ ყოველთვის ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. მაღალი გონივრული ეჭვი არის, რომ რუსეთის მიერ მიცემული ინსტრუქციის შესრულებაა, ეს 2012 წლიდან ბევრჯერ დამტკიცებულა. ამ საქმეზეც, ნაკლებად ბუნდოვანია თუ მეტად, ახლა დეტალებში არ შევალ, რადგან დეტალურად არ ვიცნობ ამ საქმეს, მაგრამ „ოცნების“ პირობებში როდესაც აკავებენ კონკრეტულ სამართალდამცავებს, ეს არის კრემლიდან წამოსული ინსტრუქცია და არა კანონიერი სამართლებრივი პროცესის შედეგი. კარგად ვიცით, რუსეთის ინსტრუქცია იყო, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსულ ოკუპაციას ებრძოდა და იყო ჩართული ან სამხედრო აგრესიის მოგერიებაში, ან ზოგადად უშიშროების ოპერაციებში, ყველა მსგავსი ადამიანის დასჯის ბრძანება მიიღო „ოცნებამ“ და ამას ასრულებს. ამიტომ თითოეული საქმე აჩენს ეჭვებს და, მათ შორის, ალბათ დარჩიაშვილსაც ეს ეჭვები გააჩნია. არ იქნება სერიოზული, რომ ჩემი მხრიდან მტკიცებით ფორმაში გავაკეთო განცხადებები კონკრეტული სამართალდამცავების ქმედებებზე, როდესაც მე არანაირი პოლიტიკური შეხება არ მქონდა პროცესთან. თუმცა, მე არ ვემიჯნები ჩემი პოლიტიკური ძალის წარსულს, პირიქით, ვამაყობ ამ წარსულით. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, საქმეს ძალიან ზუსტად უნდა ვიცნობდე, რომ რაღაც განცხადებები გავაკეთო, მაგრამ რაც ზედაპირზე დევს, რაც მედიასაშუალებებით არის ცნობილი და რაც მოვისმინე, ეჭვს რაც აღმიძრავს, გითხარით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა რომ "შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს, მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი".

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.