საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა მიიღო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), შვიდ-შვიდი ხმა კი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი).
როგორც ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდის განჩინებას მოგვიანებით სინოდის მდივანი წაიკითხავს.
„შედეგებს რაც შეეხება, დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა, სამი კანდიდატია – მოსაყდრე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი. შემდგომში, მოგეხსენებათ, ამ სამ კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი გვაჩვენებს, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი, 7-7 ხმა.
დღევანდელ სხდომაზე მთავარი, პრინციპული საკითხი, რაც ამ თემებს გადაწყვეტდა, იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით. ასე რომ, ამის მიხედვით იხელმძღვანელა სინოდმა. გაფართოებული კრების თარიღი ჯერ არ არის გარკვეული“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.




