"დღეს იღებენ კანონს, რომლის მიხედვითაც ადამიანებს ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენაში ერთმანეთის დახმარება აეკრძალებათ. მის შედეგად მოკვდება უამრავი ადამიანი, ამ ქვეყანაში, გააჩნია რამდენი ხანი იმოქმედებს კანონი. " - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა სადაც " „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ.
"ახლა გვთავაზობენ, დეტალურ რომ არ განვიხილოთ ამის გამო ხელისუფლება აყენებს შუამდგომლობას კანონი განვიხილოთო თაობრივად, მგონია რომ არსად გვეჩქარება. ეს ისეთი საკითხია, რომ საზოგადოებამ კარგად იცოდეს, რა არგუმენტაციით და სოლიდარობისა და მორალის პიედესტალიდან გველაპარაკება ხელისუფლება, მაშინ როდესაც შემოაქვს ასეთი ამორალური კანონი." - განაცხადა იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, კანონპროექტი ჩაანაცვლებს მოქმედ კანონს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“, რომელიც 2000 წელს არის მიღებული.
კანონპროექტის მიღების შედეგად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითადი პრინციპები, ცოცხალი დონორისაგან ორგანოს დონაციასთან და გარდაცვლილის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები, განისაზღვრება დონორისა და მიმღების უფლებები.
მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შეფასებული მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საქართველოში ტრანსპლანტაციის საჭიროება დაახლოებით ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე რაც კეთდება ოპერაციები და ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს პრაქტიკა გაუმჯობესდეს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და ყოველგვარი კომერციული გარიგება ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილების მიღების და ორგანოების გადაცემის დროს არის აბსოლუტურად გამორიცხული. ამ სფეროს აწესრიგებს როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართალი. გათვალისწინებულია სამინისტროს სისტემაში ტრანსპლანტაციის სამმართველოს და, შესაბამისად, მართვის ცენტრალური ბაზის შექმნა.