ერთი ათი კაცი მაინც მეგულება ისეთი, რომლებსაც დანარჩენებმა, ამ დეგენერატებმა რომ მხარი დაუჭირონ, მოგებული იქნება თბილისის არჩევნები, ესენი კი ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს არ დასჭირდეთ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ეშინია, შემთხვევით არ მოიგოს არჩევნები და ამით „ქოცებთან“ დადებული პირობა არ შემოერღვეთ.
„ჩვენ რა რეცეპტიც დავდეთ, რა არის გასაკეთებელი თბილისის მერობის არჩევნებზე, ოპოზიციას ხელის განძრევაც კი არ სჭირდება. უბრალოდ, არაპოლიტიკოსი, ვინმე ერთი პატიოსანი კაცი იპოვონ, მხარი დაუჭირონ და მოგებულია თბილისი მერობის არჩევნები, წინა არჩევნებზე ამდენს რომ ყვირიან, გაყალბებულია, 300 000 ხმა მოგვპარეს, ეს ქნეს, ის ქნესო. მე გეუბნებით იმას, რაც თვალწინ დევს. თვალწინ დევს, რომ ამ უთავბოლო ოპოზიციამაც კი, 4, 5, 9, 25-მა, მერის არჩევნებზე თბილისში მიიღო უფრო მეტი, ვიდრე „ქოცებმა“. მოგეხსენებათ, 40% აიღეს „ქოცებმა“ თბილისში. წარმოიდგინეთ, უბრალოდ, საერთო კანდიდატზე შეთანხმდი, ეს კანდიდატი არ იყოს ისეთი, დანახვაზე დედას აგინებდნენ, კარგ ემოციებს რომ აღძრავს, ასეთი კანდიდატია საჭირო, მხარი დაუჭირე და მოგებულია თბილისის არჩევნები. მე რომ დავასახელო ვინმე, „გირჩი“ შეთანხმდაო, იტყვიან და ამიტომ არ დავასახელებ არავის, მაგრამ ერთი ათი კაცი მაინც მეგულება ისეთი, რომლებსაც დანარჩენებმა, ამ დეგენერატებმა რომ მხარი დაუჭირონ, მოგებული იქნება თბილისის მერის არჩევნები, ესენი კი ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს არ დასჭირდეთ. ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება მათ „ქოცებთან“ დადებულ პირობას. „ქოცებთან“ თუ არ ხარ შეთანხმებული და ხელი თუ არ გაქვს ჩამორთმეული, რომ წააგებ ამ არჩევნებს და ყველაფერს გააკეთებ წასაგებად, ამის მიხვედრას რა უნდა, რომ თბილისი მერის არჩევნები მოიგო. ვინაიდან ამაში ვერანაირ ლოგიკურ პასუხს ვერ ვპოულობ, ვფიქრობ, ეშინიათ, შემთხვევით არ მოიგონ და ამით „ქოცებთან“ დადებული პირობა არ შემოერღვეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, ყველაფერი, რასაც ოპოზიცია აკეთებს და რაც პოლიტიკურ სპექტრში ხდება, არის ის, რომ არანაირი პოლიტიკური პროცესი არ მიდის.
„ქუჩაში მიდის რაღაც ღრიალი, ხალხის წინ და უკან უაზროდ ტარება და პროტესტის ისე გამოშიგვნა, რომ იქ ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანებს მისვლა გაუტყდეთ; მიდის აქტივისტების იმედად ყოფნა და არშეთანხმება საერთო კანდიდატზე, რისი შეთანხმების შემთხვევაში გარანტირებულად მოგებულია. ჩემი აზრით, თბილისი არის მთავარი, რადგან თბილისის მერი არის ყველაზე მაღალი არჩევითი თანამდებობა ქვეყანაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში მოხდება ისე, რომ არჩევნებში შეიძლება, ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა ძალიან გალახულად, იმდენად, რომ არაფრის მომგები არ იყვნენ, ერთმანეთის გინებაში, არაფერზე შეთანხმებაში და ასეთი კანდიდატის არპოვნაში, „ქართულ ოცნებას“ აჩუქონ ეს თანამდებობა.
„ხომ ყველას ესმის, რომ მე არ მიყვარს ჩვენი ძვირფასი კოლეგა 4, 5, 9, 25 ოპოზიციონერები? არაფერი არ მინდა, მათთან მიახლოებაც კი. სუნი ასდით ჩემთვის ამათ, მაგრამ მე ხომ მესმის, რომ თუ ნორმალური, პატიოსანი, არა მათიანი, ისევე როგორც არა ჩემიანი კაცი დასახელდება, მეც ვალდებული ვარ, მხარი დავუჭირო და მოვიგოთ?“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას განმარტებით, ბევრი მათ იდიოტებად უფრო თვლის, ვიდრე მოსყიდულად, მაგრამ მისი აზრით, ყველა ასეთი იდიოტი ვერ იქნება, მათი დიდი ნაწილი, ვინც თავშია, მოსყიდულია და ყველაფერს აკეთებენ, რათა „ქართულ ოცნებას“ აჩუქონ თბილისის და შეიძლება, სხვა ქალაქების მერების თანამდებობა.
„მე ამას ხელს ვერ შევუშლი. ვერ შევუშლი იმ გაგებით, რომ მე 97%-მა არ ამირჩია, სხვები აირჩიეს, ეს კონცერტი აირჩიეს და ურჩევნიათ, აქციაზე უაზროდ იარონ, ვიდრე აზრიანად დასხდნენ, კაცი იპოვონ. რამდენს იძახიან, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს მაგალითად, დავით დოიაშვილს და ერთმა კაცმა თქვა, მოდი, ეს კაცი მერობის კანდიდატი იყოსო? იქნებ, იგებს ამ საყოველთაო მხარდაჭერის ფონზე. ამაზე ხომ არავინ ლაპარაკობს და მე ვიცი, რომ ასეთი კალიბრის ერთი ათი კაცი კიდევ იქნება ქვეყანაში. ეს უბრალოდ, რადგან ბოლო პერიოდის გმირია და აქტუალური გახდა, მაგიტომ ვამბობ, მაგრამ ხომ არავინ არ ხსნის მედიას ამაზე სალაპარაკოდ? პირიქით, მედიებში გინება მიდის ამ არჩევნების, არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო და შეურაცხყოფა მიდის იმ ხალხის, ვინც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. მათ აბრალებენ დაჭერილი ხალხის მშობლების, მათი ინტერესების ღალატს და ა.შ. პარალელურ რეჟიმში კი ყველა ემზადება არჩევნებისთვის, ოღონდ, ემზადებიან არჩევნებისთვის წასაგებად. მე არ ვიცი, როგორ უნდა ვუშველო ამას, მაგრამ აგერ არის საზოგადოება, ქართველი ხალხი და დააკვირდით ხალხო ამას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.