რისი ერთობა არსებობდა, რომ დაიშალოს? – ასე უპასუხა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, ვინ შლის ოპოზიციის ერთობას, რადგან „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ წამოსული სამი პოლიტიკური აქტორიც ამბობს, რომ ამ გეგმებით და სტრატეგიით მიზანს ვერ მიაღწევენ და რაღაც ახალია შესაქმნელი.

„ერთობა არსებობს ბუნებრივად და მე გეტყვით, რა ერთობა იყო ჩვენ მიღმა ოპოზიციურ სპექტრში. ეს იყო უიდეობის ერთობა. ანუ, აერთიანებდათ უიდეობა. ერთიანობა იყო უიდეობაში, რომ ჩვენ, „არაიდეინნი“ ხალხი, რომლებსაც იდეა არასდროს არ გვაქვს, მოდით, გავერთიანდეთ ჩვენი სურვილის გარშემო. მაგალითად, ადამიანს რომ ჰკითხო, რა გინდაო, ყველა გეტყვის, რომ ბედნიერებისკენ ვისწრაფვი, ბედნიერება მინდაო და რაში გამოიხატება ბედნიერება, თითოეული ადამიანის ბედნიერება ხომ განსხვავებულია? ჩვენ ხომ ადამიანები იმის მიხედვით უნდა დავაჯგუფოთ, პირობითად თანამებრძოლები, რა გვაბედნიერებს პირველ რიგში? სხვადასხვა რამე თუ გვინდა, ხომ არ გამოგვივა? ამ პროცესის გავლის გარეშე ამ ხალხის ერთად შეკრება და ზოგადად, მოდი, ჩვენ „ქოცებს“ დავამარცხებთ და მერე ჩვენ ვიცით, ამით გასვლა და მერე ეს შედეგი, რომ 62 ოპოზიციონერი ხმა არ დაიკარგოსო, რომ იძახდნენ, იმ ხალხმა 61 ოპოზიციონერი ჩახსნა, „ქართული ოცნება“ მარტო ზის პარლამენტში და რასაც უნდა, იმას აკეთებს, ეს რა არის? იმის ნაცვლად, რომ შენ სხვაგან შექმნა დაძაბულობის კერები, რაკი ამ ბრძოლაზე პარლამენტში უარი თქვი, მანდატები დატოვე, ფინანსებზე უარი თქვი, ანუ საკუთარი თავი დაიზიანე და „ქართული ოცნება“ ამით ჯერჯერობით არ სუსტდება, შენ ხომ უნდა შესთავაზო საზოგადოებას, რას აპირებ კონკრეტულად, მაგრამ აპირებ იმას, რომ არჩევნების მერეც კი იძახდი, ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო ქალბატონი სალომე არისო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

როგორც იაგო  ხვიჩიამ აღნიშნა, მას აქვს იმედი, რომ პოლიტიკოსობის მსურველი ადამიანები გამოჩნდებიან.

„იმიტომ, რომ ამ დროს, რასაც ხედავდი, ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არის გზა, შენ როგორ დარჩე პოლიტიკაში, თორემ ეს ყველაფერი დაინახე, ყველაფერში მონაწილეობდი, იცი შიდა სამზარეულო და ამბობ, ჩვენი მეგობრები არიან ესენი მაინც, ჩვენ ერთმანეთში პრობლემა არ გვექნებაო და ეს არ არის დამაჯერებელი. თქვენი მეგობრობა კი არ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, ვინც შენ პოლიტიკაში უნდა დაგტოვოს და მომავალში ვინც წამოვა კიდევ იმ ხალხისთვის ვამბობ, არამედ ის ინფორმაცია, რის გამოც შენ უნდა დარჩე პოლიტიკაში. ჰოდა, ეს ამბავი ჯერჯერობით არ მეჩვენება ცალსახად, მაგრამ ახლა დაიწყო ეს პროცესი, აქამდე აგვიანებდა და ვნახოთ, იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი შეუერთდება ამას, ეს არარსებული ერთიანობის შესახებ მითი დაინგრევა და ადამიანები ძალიან მარტივად დაინახავენ, რომ სინამდვილეში, მათი წარმოდგენები აქამდე რაშიც მონაწილეობდნენ იმასთან დაკავშირებით, სრულიად აცდენილი იყო რეალობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.