დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პარტიები ვის დაიმატებენ ან მოიკლებენ, რადგან არანაირ იდეოლოგიურ ღირებულებას არ იმატებენ, რაღაც სახეების ერთობაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
„არანაირ იდეოლოგიურ ღირებულებას არ ამატებენ, უბრალოდ რაღაც სახეების ერთობაა. უმეტესობა, ვისაც იმატებენ, არის შერჩეული ერთადერთი კრიტერიუმით – რამდენად ცნობენ ადამიანები. და არა იმით, მარგველაშვილი იდეოლოგიურად ეთანხმება თუ არა „ლელოს“ ან ძიძიგური ყოფილ პრემიერს. არც ახალი სახეები არიან დიდად, თუმცა არა, სიმართლე უნდა ითქვას, ერთადერთ ახალ სახედ თუ ვინმე შეიძლება მოინათლოს, ალბათ ბატონი მარგველაშვილია. ის იმდენად უღიმღამო პრეზიდენტი იყო, რომ დიდად არავის ახსოვს, რომ პოლიტიკაში იყო ჩართული. არ მგონია, ძიძიგურის და მარგველაშვილის წინ წამოწევა და დამატება, რაიმე ელექტორალურ ღირებულებას ატარებდეს. ეს ხალხი თვითონ უნდა წარმოადგენდნენ რამეს პოლიტიკურად და თავისი ელექტორატი უნდა ჰყავდეთ, რომ ვინმეს რამე ხმები დაუმატონ. ვინმე ბებოს შეიძლება ნანახი ჰყავდეს ტელევიზორში და სიაში რომ დაინახავს, იტყვის, ნაცნობი ხალხია, მაგრამ ამის გამო ხმა როგორ უნდა მოიმატო, არ მესმის. ხმა შეიძლება, მოიმატო იმის ჩვენებით, თუ რა გინდა, როგორი უკეთესი საქართველო წარმოგიდგენია, რას შეცვლი, რით ხარ უკეთესი“, – განაცხადა ჰერმან საბომ.




