„პრიორიტეტია, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი საბოლოოდ დამარცხდეს, რადგან ეს აგენტურა და ორმაგი სტანდარტები ქვეყანას ანგრევს.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ არა ქართულ ოპოზიციასთან, არამედ უცხოურ ძალასთან უწევს კონკურენცია.
„წინასაარჩევნოდ, რეალურად, კონკურენციაში ვართ უცხოურ ძალასთან, რადგან ოპოზიცია კონკურენციას ვერ გვიწევს. ნახეთ ის დღის წესრიგი და საკითხები, რითაც ოპოზიცია გვეჯიბრება - ყველაფერი შეატრიალეს და ჩვენს ნარატივზე დასხდნენ. თურმე რუსეთთან ფრენები და პრაგმატული პოლიტიკა კარგი ყოფილა; ბაიდენი რომ უყვარდათ, ახლა ტრამპი შეუყვარდათ; მშვიდობა ახლა მოუნდათ - თვითონ ზელენსკი ალაპარაკდა ომის დასრულებაზე და ყველა შოკში ჩააგდო ამით და ა.შ. შესაბამისად, ოპოზიცია ვერ გვეწინააღმდეგება, ერთადერთი წინააღმდეგობა გვაქვს უცხოურ ძალასთან, რომელთანაც აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ქართველი ხალხის ინტერესია მშვიდობა, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ტრადიციული ცხოვრება, დანარჩენ იმ სიკეთეებთან ერთად, რომელსაც ცალკე შევახსენებთ წინასაარჩევნოდ - ჯანდაცვა იქნება, სოციალური სფერო, ეკონომიკური განვითარება თუ ა.შ. ამ ყველაფერთან ერთად, პრიორიტეტია, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი საბოლოოდ დამარცხდეს, რადგან ეს აგენტურა და ორმაგი სტანდარტები ქვეყანას ანგრევს. ამაზე უკვე ბევრი სახელმწიფო საუბრობს მსოფლიოში.“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.