"ერთადერთი, რაც შეიძლება ჰქონდეს ასეთ აქციებს მიზანი, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა, რაც, ასევე, აღარ გამოსდით", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილმა საპროტესტოს აქციების მიზნებზე საუბრისას განაცხადა.

"ამ აქციების მიზანი ის კი არ არის, რომ რაღაც პოლიტიკური კრიზისი შექმნან, იმიტომ რომ ამის რესურსი არ აქვთ, უბრალოდ დეზინფორმაციაზე არიან გადასულები. გამოდიან და ჭორიკანა ადამიანებივით ტყუილებს იგონებენ, რომელიც ძალიან მალე გაბათილდება ხოლმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ჰქონდეს ასეთ აქციებს მიზანი, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა, რაც, ასევე, აღარ გამოსდით. გარდა იმისა, რომ უკვე იდეაც აღარ გააჩნია, მატერიალურადაც უკვე აღარ არიან უზრუნველყოფილები და ეს ემჩნევა უკვე მიმდინარე აქციებს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავდაპირველად მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, საგამოძიებო უწყებისკენ მსვლელობა მოაწყვეს. შემდეგი გაჩერება საქართველოს პარლამენტია. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.