საპროტესტო აქცია საქართველოს პროკურატურასთან - აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავდაპირველად მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, საგამოძიებო უწყებისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლებს.
აქციის მონაწილეები მეტროსადგურთან 14:00 საათზე შეიკრიბნენ და აქცია/მსვლელობას მართავენ, სლოგანით - "თავისუფლების მსვლელობა - პროტესტის 150-ე დღე".
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".
აქციის მონაწილეებს შორის, ასევე არიან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები, რომლებიც ადგილზე ბრალდებული პირების ფოტოებით არიან წარმოდგენილი.
აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები და მხარდამჭერებიც იღებენ, ასევე ადგილზე იმყოფებიან მსახიობებიც.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.