რა თქმა უნდა, ულტრამემარჯვენე პოპულიზმი არის ძალიან საშიში რამ, თუმცა ეს არის გარკვეული მცირე დინამიკა, ძირითადი სურათი უცვლელია, რაც მინდა „ქართულ ოცნებას“ კარგად ავუხსნა, ევროპა დგას თავის ტრადიციულ ღირებულებებზე, ის არის ურყევად თავისუფლების, თანასწორობის და მეტი მშვიდობის სამსახურში,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.

„ევროპარლამენტში, რა თქმა უნდა, არის გარკვეული შიდა გადალაგებები, რაც არის ჩვეულებრივი რამ თავისუფალ დემოკრატიაში, მაგრამ ეს არ ცვლის არცერთ ძირითად მიმართულებას, ძირითად სურათს იმისა, რაც გვქონდა წარსულში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ევროპული კავშირი არის ძალიან მყარი პოლიტიკური კავშირი ამ ყველაფრის შედეგად. ამიტომ, ევროსკეპტიკოსებს ვერ გავახარებდი, მართალია „ულტრამემარჯვენეებს“ აქვთ მატება, ეს არის ცუდი, საგანგაშო რამ,  მაგრამ ეს ახლა არ დაწყებულა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ათწლეულებია მიმდინარეობს და ნამდვილად არ არის ისეთი რამ, რაც ახლა არჩევნებზე გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ულტრამემარჯვენე პოპულიზმი არის ძალიან საშიში რამ, თუმცა ეს არის გარკვეული მცირე დინამიკა, ძირითადი სურათი უცვლელია, რაც მინდა „ქართულ ოცნებას“ კარგად ავუხსნა, ევროპა დგას თავის ტრადიციულ ღირებულებებზე, ის არის ურყევად თავისუფლების, თანასწორობის და მეტი მშვიდობის სამსახურში. ევროკავშირი არის ყველაზე მშვიდობიანი პროექტი მსოფლიოს ისტორიაში და ეს პროექტი გრძელდება დიდი წარმატებით",- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, ევროპული სააგენტოები ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებენ. ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია რჩება უდიდეს პოლიტიკურ ძალად და აძლიერებს თავის პოზიციას. ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში მას 720-იდან 184 ადგილი ექნება, 8-ით მეტი, ვიდრე 2019 წლის ევროპარლამენტში ჰქონდა.